წევრობის ხელშეკრულება

1.     მხარეები

წინამდებარე წევრობის ხელშეკრულება („ხელშეკრულება“) დადებულია, ერთი მხრივ, Shaya Kahve Sanayi ve Ticaret A.Ş.-ს (შემდგომში – „კომპანია“) შორის, რომელსაც ეკუთვნის და/ან მართავს ვებგვერდს www.starbucks.ge (შემდგომში – „ვებგვერდი“) და მასთან დაკავშირებულ მობილურ აპლიკაციას, და რომლის იურიდიული მისამართია: Saray Mah. Siteyolu Sk. No:5/4 Anel Plaza, Ground Floor, Ümraniye, Istanbul, და მეორე მხრივ, იმ ფიზიკურ პირს შორის, რომელიც რეგისტრირდება ვებგვერდსა და/ან მობილურ აპლიკაციაში წევრად (შემდგომში – „წევრი“).

2.      ხელშეკრულების საგანი

წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კომპანიის მიერ Shaya Kahve-ს მიერ შემუშავებული საწევრო პროგრამის მომხმარებლებისთვის შეთავაზება. პროგრამის ფარგლებში წევრებს მიეწოდებათ ინფორმაცია Shaya Kahve-ს ვებგვერდისა და/ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, ზოგადი და სპეციფიური ხასიათის ინფორმაცია, როგორიცაა კამპანიები, აქციები და სხვა მარკეტინგული აქტივობები. წინამდებარე ხელშეკრულება არეგულირებს კომპანიასა და წევრს შორის სამართლებრივ ურთიერთობას, განსაზღვრავს ვებგვერდისა და/ან მობილური აპლიკაციის გამოყენების პირობებს, აგრეთვე წევრობის მოპოვებისა და საწევრო პროგრამით სარგებლობის წესებსა და პირობებს.

3.      მხარეთა უფლება-მოვალეობები

3.1   წევრი ადასტურებს, რომ ვალდებულია სრულად დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა ვებგვერდისა და/ან მობილური აპლიკაციის გამოყენებისას. აღნიშნული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, წევრი ერთპიროვნულად აგებს პასუხს მის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად წარმოშობილ ყველა სახის პასუხისმგებლობაზე, მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, კერძოსამართლებრივ და/ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

3.2   წევრი ვალდებულია თავი შეიკავოს ვებგვერდის და/ან მობილური აპლიკაციის ფარგლებში ისეთი ქმედებების განხორციელებისგან, რომლებიც ზიანს აყენებს ან ართულებს პლატფორმის ფუნქციონირებას ან სხვა მომხმარებლების სრულფასოვან სარგებლობას.

3.3   წევრს ეკრძალება ვებგვერდისა და/ან მობილური აპლიკაციის გამოყენება ისეთი ფორმით, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, საზოგადოებრივ წესრიგს ან საყოველთაოდ აღიარებულ ეთიკურ ნორმებს, ან რომელიც იწვევს სხვა პირების შეწუხებას, შევიწროებას, მათ უფლებებში, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებში, ჩარევას ან სხვაგვარ დარღვევას.

3.4   ვებგვერდსა და/ან მობილურ აპლიკაციაზე წევრის მიერ გამოხატული მოსაზრებები, იდეები და გამოყენებული ფორმულირებები წარმოადგენს მხოლოდ შესაბამისი წევრის პირად დამოკიდებულებას და არ ასახავს კომპანიის პოზიციას. აღნიშნულ შინაარსზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს. კომპანია არ აგებს პასუხს მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წევრის მიერ გამოქვეყნებული ან გავრცელებული მოსაზრებებისა და/ან ინფორმაციის შედეგად.

3.5   წევრი აცხადებს და ადასტურებს, რომ ვებგვერდზე რეგისტრაციისას მის მიერ მიწოდებული პირადი და სხვა სახის ინფორმაცია არის სრული, ზუსტი და განახლებული. წევრი იღებს ვალდებულებას, დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიას ნებისმიერი ცვლილების შესახებ და სრულად აუნაზღაუროს კომპანიას ყველა ზიანი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას აღნიშნული ინფორმაციით უზუსტობის პირობებში.

3.6   ვებგვერდზე/მობილურ აპლიკაციაში წვდომისთვის წევრისთვის მინიჭებული ავტორიზაციის მონაცემები (მათ შორის, პაროლი) წარმოადგენს წევრის პერსონალურ და კონფიდენციალურ ინფორმაციას და ექსკლუზიურად ეკუთვნის მას. წევრი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების დაცვა და არ დაუშვას მათი გამჟღავნება მესამე პირებისთვის. პაროლის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები სრულად ეკისრება წევრს.

3.7   კომპანია არ აგებს პასუხს წევრის ანგარიშზე ან მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომის, ასევე წევრის ტექნიკურ მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული პირდაპირ არის გამოწვეული კომპანიის ბრალეული ქმედებით. წევრი წინასწარ აცხადებს თანხმობას, რომ, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, არ მოითხოვოს კომპენსაცია კომპანიისგან ვებგვერდისა და/ან მობილური აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ზიანისთვის.

3.8   წევრი ვალდებულია არ მიიღოს, არ გამოიყენოს ან სხვაგვარად არ დაამუშაოს სხვა მომხმარებლების ან მესამე პირების ინფორმაცია და/ან პროგრამული უზრუნველყოფა მათი წინასწარი ნებართვის გარეშე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ყველა შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს.

3.9   კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს წევრთა პერსონალური მონაცემები მათი ინტერესებისა და პრეფერენციების განსაზღვრის მიზნით, რათა უზრუნველყოს მომსახურების გაუმჯობესება, პროდუქტებისა და სერვისების განვითარება, ვებგვერდისა და/ან მობილური აპლიკაციის ფუნქციონალის ოპტიმიზაცია, მომხმარებელთა კმაყოფილებისა და გამოცდილების ამაღლება, აგრეთვე პერსონალიზებული მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.

3.10 კომპანია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს და წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეაჩეროს ან შეწყვიტოს წევრის რეგისტრაცია, თუ ამას მიიჩნევს აუცილებელად, და წაშალოს წევრის ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები, დოკუმენტები და ფაილები, კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში.

3.11 ვებგვერდის და/ან მობილური აპლიკაციის დიზაინთან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ასევე ტექსტურ და ვიზუალურ კონტენტთან დაკავშირებული ყველა ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის კომპანიას ან შესაბამის უფლებამოსილ პირს და დაცულია მოქმედი კანონმდებლობით. აღნიშნული ობიექტების გამოყენება, რეპროდუცირება ან სხვაგვარი ექსპლუატაცია წევრის მიერ დაუშვებელია კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

3.12 ვებგვერდისა და/ან მობილური აპლიკაციის გაუმჯობესების, განვითარების და კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, კომპანიას უფლება აქვს შეაგროვოს და დაამუშაოს ტექნიკური და ლოგ-ინფორმაცია, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ინტერნეტ სერვისის მიმწოდებლის დასახელება, IP მისამართი, წვდომის თარიღი და დრო, მონახულებული გვერდები და რეფერალური ვებგვერდის მისამართი, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებისა და მიზნების შესაბამისად.

3.13 კომპანია იღებს გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს ვებგვერდისა და/ან მობილური აპლიკაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის მავნე პროგრამული უზრუნველყოფისგან დაცვის მიზნით. ამასთან, წევრი ვალდებულია დამოუკიდებლად უზრუნველყოს საკუთარი მოწყობილობებისა და სისტემების სათანადო დაცვა. ვებგვერდზე წვდომით წევრი ადასტურებს, რომ პასუხისმგებელია მისი პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ შესაძლო ხარვეზებსა და მათ შედეგად წარმოშობილ პირდაპირ ან არაპირდაპირ შედეგებზე.

3.14 კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, შეცვალოს, განაახლოს, შეზღუდოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ვებგვერდისა და/ან მობილური აპლიკაციის შინაარსი, დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფა ან მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ნებისმიერი სერვისი, აგრეთვე წაშალოს მომხმარებელთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.15 კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, შეცვალოს ან განაახლოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განახლებული პირობები ძალაში შედის მათი გამოქვეყნების მომენტიდან და სავალდებულოა ყველა წევრისთვის.

 

4.      პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული დებულებები

4.1   კომპანია, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დამუშავებას წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზნები, სამართლებრივი საფუძვლები, კატეგორიები და გამოყენებული მეთოდები დეტალურად განსაზღვრულია Shaya Kahve-ს ვებგვერდსა და/ან მობილურ აპლიკაციაში განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

4.2   წევრს უფლება აქვს, კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული საკონტაქტო არხების მეშვეობით მიმართოს კომპანიას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, აგრეთვე ისარგებლოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით, მათ შორის მოითხოვოს მონაცემებზე წვდომა, მათი გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4.3   წევრის წინასწარი, ინფორმირებული თანხმობის არსებობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია გაუგზავნოს მას პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაციები, მათ შორის ინფორმაცია კამპანიების, ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ. წევრს შეუძლია უარი განაცხადოს პირდაპირ მარკეტინგულ კომუნიკაციებზე კომუნიკაციის პარამეტრების შეცვლის გზით. აღნიშნულ კომუნიკაციებზე თანხმობა შესაძლოა ხელახლა გაიცეს ვებგვერდსა და/ან მობილურ აპლიკაციაში შესაბამისი („შეტყობინებების პარამეტრების“) ფუნქციონალის გამოყენებით.

 

5.     ხელშეკრულების ვადა და შეწყვეტა

 

5.1   წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის წევრის რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებს მანამდე, სანამ წევრი არ გააუქმებს საკუთარ რეგისტრაციას ან მისი ანგარიში/წევრობა არ შეწყდება კომპანიის მიერ, წინამდებარე ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლებით.

5.2   თითოეულ მხარეს უფლება აქვს, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ნებისმიერ დროს, მეორე მხარისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით, თუ კანონმდებლობით ან ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

6.     დავების გადაწყვეტა

წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის გადაწყვეტისთვის გამოიყენება  საქართველოს კანონმდებლობა, ხოლო ასეთი დავების გადაწყვეტა ექვემდებარება საქართველოს სასამართლოების განსჯადობას.

7.     ხელშეკრულების ძალაში შესვლა

წევრად რეგისტრაცია გულისხმობს, რომ წევრმა სრულად გაეცნო და დაეთანხმა წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დებულებას. წინამდებარე ხელშეკრულება ჩაითვლება დადებულად და ძალაში შესულად წევრის რეგისტრაციის მომენტიდან.